კახა კალაძე - კაცობა, ღირსება მელიას ძლიერი მხარე არ არის, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“
ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ ხოლმე. მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ვიტყოდი, რომ მოგება და წაგება ადამიანმა კაცურად უნდა მიიღო. კაცობა, ღირსება მელიას ძლიერი მხარე არ არის, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“, – აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა მასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადება, სადაც ის ამბობს: „არ მიკვირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ბატონი კობახიძისა და კალაძის, რასაც აკეთებენ. მე არ მიკვირს მათი გამართლების არგუმენტები, რომ კონტრაბანდა აქ არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, ეთერ-ეთერ დადიან და საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შავი ხვრელი აღარ დარჩეს და ყველანაირი კონტრაბანდული გადაზიდვები გამორიცხულიაო“.
კახა კალაძის თქმით, მელია პარტიის ფორმალური თავმჯდომარეა.
„მელიას არ ესმის ერთი რამ, როდესაც წააგებ, უნდა გეყოს კაცობა, ღირსება და გამარჯვებულს, შენს კონკურენტს უნდა მიულოცო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ეს ბევრ რამეში გამოიხატა, დადასტურდა. მაგალითად, ის დღეს წარმოადგენს ფორმალურ თავმჯდომარეს, სააკაშვილის ჩვეულებრივი ხელის ბიჭია და რა თქმა უნდა, ზედმეტია რაიმე კაცობაზე, ღირსებაზე საუბარი. ასევე ერთი რამ, წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ. ჩვენ ასევე ვიხილეთ ბატონი მელია აჭარაში ჩასული, კერძოდ, ბათუმში, არჩევნებზე, სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას და ბათუმმა, აჭარამ მას შესაბამისი პასუხი გასცა. ეს დამოკიდებულება და პასუხი, რომელიც მან აჭარაში მიიღო, არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიური თავმჯდომარე გახლავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.