კახა კალაძე - ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ
კახა კალაძე - ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

დღეს, ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი, ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ, ყველაზე საყვარელ, წარუშლელ მოგონებებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა, მდივანმა, კახა კალაძემ სამტრედიაში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა, უამრავი მეგობრის, მომავლის იმედით სავსე ნაცნობი სახეების დანახვა, რომელთაგანაც უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად.

აქ არიან ადამიანები, ვისთანაც ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ.

მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით.

საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ხდება, არჩევნების გზით მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები და ამას სჭირდება ბევრი შრომა.

„დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუნდაც იმერეთის რეგიონში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ რომ არ დავიწყო ყველა პროექტისა და პროგრამის მოყოლა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ბევრი შრომა, 24-საათიანი მუშაობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს, ვემსახუროთ იმერეთის რეგიონს, სამტრედიას, სამტრედიელებს, მაგრამ ამ ყველაფერში საჭიროა თქვენი მხარდაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სპორტი – მარტო შეუძლებელია იყო წარმატებული. მნიშვნელოვანია, გყავდეს და ზურგს გიმაგრებდეს ძლიერი გუნდი. ზუსტად ასეთ გუნდს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.