ირაკლი კობახიძის გადადგმულ ნაბიჯს მე ღირსეულს ვუწოდებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ირაკლის გადადგმულ ნაბიჯს მე ღირსეულს ვუწოდებ. ის, რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი ყველა ადამიანისთვის და ამას მოჰყვა ძალიან მკაცრი განცხადებები ჩვენი მხრიდან.
ირაკლი მაგ დღეს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, მან შეწყვიტა ვიზიტი და პირდაპირ ვიტყვი, რომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი. არ დაწყებულა გარჩევა, თუ ვისი ბრალი იყო, რა მოხდა, რატომ იჯდა იქ ბატონი გავრილოვი, რატომ იყო წამოსკუპებული, ვინ უნდა მჯდარიყო და ა.შ. ამის გარჩევა არ დაუწყია და თქვა, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა და გადადგა. ვიხილავთ თუ არა საკონსტიტუციო სასმართლოში, საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 21 ივნისს დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერს.