კახა კალაძე, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
კახა კალაძემ თანაქალაქელებს „თბილისელობა“, ხოლო 5 ოქტომბერს დაჯილდოებულებს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
„პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო დედაქალაქის მცხოვრებლებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქუჩაში ამდენი ადამიანია გამოსული. ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ულამაზესი ქალაქის დღეები იმართება. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე აბანოთუბანსა და რიყეზე. წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე, სადაც იმართება თეატრალური წარმოდგენები, განთავსებულია სივრცეები პატარებისთვის. ფაქტობრივად, ყველა თაობის ადამიანისთვის იმართება ღონისძიება, რაც სასიამოვნოა. გუშინ გვქონდა საპატიო თბილისელების დაჯილდოება. მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რაც ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას გავაგრძელებთ და შრომას ყველა პატივსაცემ ადამიანს დავუფასებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში. დღეს საღამოს გაიმართება გალაკონცერტი, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს პარლამენტის წევრები. რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ფესტივალები და წარმოდგენები დღის ბოლომდე გასტანს.
დღესვე, 19:30 საათზე რიყის პარკში გაიმართება საზეიმო კონცერტი „ქალაქური მუსიკის შედევრები“.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.