კახა კალაძე - ირაკლი კობახიძეს თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, ის არის სულით კრიმინალი და სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის
ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა.
„ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. როდესაც ნიკა მელია და მისი პოლიტიკური პარტია, რომელიც დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს ქვეყანაში აკეთებს ასეთ პროვოკაციებს. მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ და შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ: აჭარაში, ქარელში იყო. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო და ეს პირველი შემთხვევა და პირველი არჩევნები არ არის, როდესაც ეს, ასე ხდება. დააკვირდით განვლილ წლებსაც. ეს არის ერთნაირი ხელწერა, რასაც ისინი კადრულობენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საარჩევნო გარემო, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ ცალკეულ ფაქტებს არ გამოვყოფთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა შეხვდეს მოსახლეობას, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ეს სიმშვიდეა, რაც ყველაზე ძალიან აწუხებთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი დესტრუქციით, მოახდინონ სხვადასხვა დაპირისპირებები და შემოიტანონ არეულობა, რასაც ყოველთვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, გაუგებარია, რამდენად არაადეკვატური უნდა იყო ადამიანი, რომ „ქართული ოცნება“ მომხდარ დაპირისპირებაში დაადანაშაულო.
„პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ოფისიდან, ჟურნალისტებთან აკეთებდა განმარტებებს, ამ დროს, თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ძალიან ბევრჯერ არის შემჩნეული. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და ეს არის მათი დესტრუქციული ხელწერა, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია წარმოადგენს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის, აი, ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, უბედურებაა, რომ დღეს ნიკა მელია პოლიტიკურ ველზეა.
„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ნიკა მელი აპოლიტიკურ ველზეა და პოლიტიკოსი ეწოდება, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ჩვეულებრივი კრიმინალი, მოძველბიჭო ელემენტი, ეს არის რეალობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.