კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან და წიგნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას – „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო.

ღონისძიება კრწანისის რაიონში მდებარე იოსებ გრიშაშვილისსახელობის სკვერში გაიმართა.

„გრიშაშვილის იუბილეს აღვნიშნავთ მისივე სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სწორედ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაც, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ხოლმე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ორი წელი აღნიშნული ღონისძიება არ გამართულა. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. სასიამოვნო საღამო იყო, საუკეთესო განწყობით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მედუდუკეთა ანსამბლმა მიიღო. „ძველი თბილისური ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა ფილმიდან და სპექტაკლიდან ფრაგმენტებით.

აღნიშნული სკვერის სივრცე რეტროგალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში – ბექა ოდიშარია, ლევან ჯაფარიძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს