კახა კალაძე - ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით თბილისში მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ
ვიცით, რამდენად მძიმეა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ქალაქში არსებული მდგომარეობა, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფალიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში, გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩამდე ერთკილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდება. დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ამასთან, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური და შეზღუდული შეასაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები.
თბილისის მერის თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც უკვე გზის მეორე მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჯიმში მიმდინარეობს.
„მთავარი ის არის, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ქალაქში არასდროს ჩატარებულა. ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმეა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ქალაქში არსებული მდგომარეობა. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი პროექტები უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენ ოთხი წლით ვართ და ამ დროში რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.