კახა კალაძე - იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია
მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მისასალმებელია ის, რომ ევროპული პერსპექტივა პირველად ჩაიწერა ოფიციალურ დოკუმენტაციაში და დარწუნებული ვარ ამას 23-ში ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რომელიც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან ქვეყანამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა.
„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყეტილება. საქართველოს არასდროს არაფერში უკან არ დაუხევია, თუნდაც საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა ხარჯი გავიღეთ? უამრავი დაღუპული ახალგაზრდა ჩვენი ჯარისკაცი იმისთვის, რომ მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა. უამრავი ახალგაზრდა შეეწირა ამას. ეს რა, არაფერს ნიშნავს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ჩვენთვის ბევრ რამეს ნიშნავს და კარგად ვიცით, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იყო ეს პოლიტიკური გადაწყეტილება მიღებული, რაც გულდასაწყვეტია.
იმის ილუზია და წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია. ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, ცხადია, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პოლიტიკური პარტია, ვისი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, როგორმე შეაფერხონ ჩვენი ქვეყანა, როგორმე შეაჩერონ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება. ხელისუფლება მზად არის, რომ დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. მათი მხრიდანაც უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული. ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს, დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით“,- განაცხადა კალაძემ.