კახა კალაძე - იმ ქვეყნებს თუ შევადარებთ, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავეა
ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შესრულებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება.
„წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია, იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. დღეს მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, იმავე მდგომარეობაში ვიქნებით, თქვენც დასუსტდებით და, მერწმუნეთ, მეც. ამიტომ ჭამოს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მივყვებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მისი დიდი ნაწილი შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს. თავიდანვეც არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისინი ამ ყველაფერში ჩაერთვებოდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია და ვაკეთებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ საქართველო რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყველაზე მეტად იმსახურებდა.
„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ქვეყანას აქამდეც უნდა მიეღო სტატუსი. ერთადერთი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გაკეთებული საქმეებითა და გადადგმული ნაბიჯებით სტატუსს რეალურად იმსახურებდა, იყო საქართველო. ევროკავშირისგან შესაბამისი დათქმები აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომელთაც წევრობის სტატუსი მიანიჭეს. ამიტომ ვამბობ, იმ ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავე იყო. თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რამდენიმე თვის წინაც, როდესაც უარი გვითხრეს. არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ, რათა სტატუსი მოგვანიჭონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.