„ჰარი-ჰარალე“ და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანია ”სვეტისთვის” მშენებლობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და ყველაფერი მოაწესრიგოს.
“კომპანია „სვეტს“ რაც შეეხება, სერიოზული დარღვევები აქვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. „ჰარი-ჰარალე“ და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და ვერ მოხდება, არ მოხდება. შესაბამისად, კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამის დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
„ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენთაგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. სამშენებლო კომპანიამ ყველა ეს პირობა უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – განაცხადა კალაძემ.