კახა კალაძე - გვსურს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ერთიანი გადახდის სისტემა ჰქონდეს, მალე გახდება ცნობილი, რა ფორმით განხორციელდება ეს
კახა კალაძე - გვსურს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ერთიანი გადახდის სისტემა ჰქონდეს, მალე გახდება ცნობილი, რა ფორმით განხორციელდება ეს

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადახდის ერთიანი სისტემა შემუშავდება. აღნიშნულს სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსპორტის პოლიტიკა ითვალისწინებს, რომელსაც თბილისის მერია ახლო მომავალში წარადგენს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის პოლიტიკა და აღნიშნულთან დაკავშირებით ხედვები მიმდინარე ან მომავალ კვირას იქნება წარმოდგენილი, რომელიც ამ სფეროში წლების მიხედვით გაწერილ გეგმებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავს.

ამასთან, მისი თქმით, ერთიანი გადახდის სისტემა ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება და მალე გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით განხორციელდება.

„ეს არამხოლოდ სამარშრუტო ტაქსებს ეხება, არამედ ზოგადად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება. რომელი ტრანსპორტიც შემოდის, გვინდა, რომ ყველას ერთიანი გადახდის სისტემა ჰქონდეს. ამ თემაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. ასევე, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ახალი ავტობუსების შემოყვანის, ასევე მეტროს ვაგონების განახლების მიმართულებით.

EBRD-ის გრანტი მივიღეთ და ამ მიმართულებით კომპანია „სისტრა“ ატარებს კვლევას. გვინდა, რაც შეიძლება გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება, როგორც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების, ასევე მეტროს ვაგონების ერთი მხრივ, რეაბილიტაცია-მოდერნიზების და მეორეს მხრივ, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონების შემოყვანის თვალსაზრისით“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ტენდერს, მერის განცხადებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.