კახა კალაძე - გვინდა, რომ სიმდიდრე, რომელიც თბილისს აქვს, იყოს სრულად მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ძველ თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ამ მიმართულებით, მუშაობას მომდევნო წლებშიც აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ძველ თბილისში დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა, გორგასალის ქუჩაზე ბულვარის მოწყობა, ნარიყალას ციხისა და ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაცია.
„რა თქმა უნდა, ძველი თბილისი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამ კუთხით, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გეგმაშია გორგასლის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ განთავსება და ბულვარის ცხრა ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხეს, ბარათაშვილის გალავანს, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს; ჩუღურეთში, განახლდება აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ბაღები. ეს გაზრდის თბილისის ტურისტულ პოტენციალს, გააძვირებს მოქალაქეების კუთვნილ ქონებას, გაზრდის მათ შემოსავლებს და ამავდროულად, ძველ თბილისში გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, სიმდიდრე, რომელიც დედაქალაქს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით აქვს, სრულად მოწესრიგებული და რეაბილიტირებული იქნება.
„მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც შევძელით ორბელიანის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია თავისი მიმდებარე ქუჩებით; გუდიაშვილის მოედანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და მიზიდულობის ცენტრი ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა, ეს სიმდიდრე, რომელიც თბილისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით აქვს, იყოს რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და ამგვარად გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.