კახა კალაძე - გვაქვს უბნები, რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მგზავრს უწევს დიდხანს ლოდინი, ეს ყველაფერი მოწესრიგდება
პრეზენტაციის დაწყებამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას – აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც განვითარებულ, დიდ ქალაქებში არის მიღებული და უკვე განხორციელებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა სრულად მოაგვარებს თბილისში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
„რა თქმა უნდა, როგორც ქალაქის მერს, მეამაყება, რომ ჩვენი ქალაქიც უერთდება იმ დიდი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური პრობლემები სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით მოგვარდა. რაც შეეხება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, მე საზოგადოებას წარვუდგინე შვიდი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. ეს იყო ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა იყო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ შვიდი პოლიტიკიდან იყო სატრანსპორტო პოლიტიკა და როდესაც მოგვეცა უფლებამოსილება, პირველივე დღიდან შევუდექით მუშაობას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ახალი ავტობუსების შემოყვანა, მიკროავტობუსების მოწესრიგება და ახალი ავტობუსების შემოყვანა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობუსის ზოლების გაჩენა ქალაქში, იმისთვის, რომ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა ყველაზე სწრაფად, დაბრკოლების გარეშე შეძლონ გადაადგილება. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი, შესაბამისად, ამ მიმართულების მოწესრიგება იყო ჩვენი დანაპირები და ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ მას ამ რეფორმის განხორციელებით. მიკროავტობუსი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ავტობუსთან და მეტროსთან. მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კომფორტული უნდა იყოს მგზავრობა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დღეს გვაქვს უბნები, რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხანს ლოდინი უწევს მგზავრს, სანამ ავტობუსი ან მიკროავტობუსი გამოივლის. ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და მოწესრიგებული. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.