კახა კალაძე - გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენი აქტიურობით შეგვიძლია, დავასრულოთ სიძულვილი და აგრესია
გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან, თუმცა ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება, ჩვენი აქტიურობით შეგვიძლია, საბოლოოდ დავასრულოთ სიძულვილი და აგრესია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძიემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, კალაძის განცხადებით, დღეს თბილისელები მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ ქალაქში სურთ ცხოვრება.
„ორი თვის მანძილზე, ჩვენ თბილისელებს ვაცნობდით ჩვენს ხედვასა და გეგმებს იმის შესახებ, რა გაკეთდება თბილისში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორ გალამაზდება ქალაქი, როგორ შევიტანთ მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში და ზოგადად, როგორ წარმოგვიდგენია დედაქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა უბნის, ქუჩის მიხედვით, თუ რა პროექტები განხორციელდება. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ ოთხი წლის მანძილზე გაკეთებული და შემდეგი ოთხი წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.
150 ათასზე მეტმა თბილისელმა უკვე გააკეთა არჩევანი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის. ამასთან, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.