კახა კალაძე - გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ყველა წინაპირობა არსებობდა, თუმცა ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა, ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია, სწორი ანალიზის გაკეთება
კახა კალაძე - გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ყველა წინაპირობა არსებობდა, თუმცა ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა, ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია, სწორი ანალიზის გაკეთება

გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, სწორი ანალიზის გაკეთება და მეორე ტურისთვის მომზადება.

„შედეგებს რაც შეეხება, გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა, პოლიტიკური მოვლენები. ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია, სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია, კალაძემ განაცხადა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია.

„არ დავიწყებ წინასწარ მარჩიელობას, ვინ სად გაერთიანდება, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა პოლიტიკური პარტია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას, მზად ვარ ამისთვის და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში თბილისი მხარს დაგვიჭერს, მხარს დაუჭერს ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რატომ იკლებს კახა კალაძის რეიტინგი, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა განაცხადა:

„კახა კალაძემ აიღო 48%, მეორე ადგილზე გამსვლელმა 34%, რომელია უფრო დიდი. 48 თუ 34? რა თქმა უნდა, დამაჯერებელი გამარჯვებაა. გამიხარდებოდა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. შეიძლება რაღაც დავაკელით, მეც რაღაც გამომრჩა. ამისთვის ბოდიში. თუმცა, კიდევ ვიმეორებ ერთადერთი პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება“, ვინც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მიიღო 48%, ამისთვის ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.