კახა კალაძე - გულწრფელად მაინტერესებს, რა დავარქვათ იმას, რომ აქციაზე პოლიციელებს ერთი ნაბიჯი წინ არ გადმოუდგამთ და მათ სცემდნენ
20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და მინდა, ყველა იყოთ დარწმუნებული, რომ სკამებს არავინ არის ჩაჭიდებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ გამოიკვეთება მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულიც, პასუხისგება ყველას მოუწევს.
„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რამდენი შემთხვევა გინახავთ, თანამდებობის პირები გათავისუფლებულიყვნენ თანამდებობიდან, თუნდაც ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, ახლა ზუსტად არ მახსოვს კონკრეტული შემთხვევა. გამოძიება როდესაც დასრულება, ყველაფერი ძალიან მარტივი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, გამოძიების შემდეგ დატოვებს თუ არა თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამოძიება ყველაფერს აჩვენებს.
„გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ არსებობს კითხვები“, – განაცხადა მერმა.
კითხვაზე, გასცა თუ არა ბრძანება გიორგი გახარიამ, კახა კალაძემ განაცხადა:
„რა, რომ იგივე თვალებში და თავში მოერტყათ? ახლა დავსვამ მარტივ შეკითხვას. თქვენ ახალგაზრდები ხართ და ყველას გინდათ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი, განვითარებული, იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. როგორ შევაფასოთ და რა დავარქვათ იმას, რაც ხდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში, როდესაც სცემდნენ პოლიციელებს, რა დავარქვათ, გულწრფელად მაინტერესებს. ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდა ხომ? იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია იდგა, ერთი ნაბიჯი წინ არ გადმოუდგამს და მათ სცემდნენ, რა დავარქვათ? ის ცალკეული შემთხვევები რაც ვნახეთ, არის უმძიმესი. ამას გამართლება არ აქვს. გამოძიება დაადგენს და ყველას მოეკითხება, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.