კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ ხელის შემშლელი ფაქტორის გამო ბაობაბები გახმა, რადგან დენდროლოგიურ პარკს ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს
დენდროლოგიური პარკი განხორციელდა, როგორც საქველმოქმედო პროექტი, გულდასაწყვეტია, რომ ბაობაბები გახმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმან, რაც ამ ხეებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იყო გაკეთებული – საჩივრები და სხვა – ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით.
„დენდროლოგიური პარკი არის ადგილი, რომელსაც ასიათასობით ადამიანს სტუმრობს ყოველწლიურად. არის ულამაზესი სივრცე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით იქნა განხორციელებული, როგორც საქველმოქმედო პროექტი და ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით. გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომლებიც განკუთვნილი იყო აღნიშნული პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ, გახმა. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ხეები იყო განთავსებული აღნიშნულ პარკში, თუმცა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული, საჩივრები და ასე შემდეგ, ამან გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები. ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით.
იგივე, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმიცემა ქვეყნისთვის, ასოცირების ხელშეკრულების ხელის არმოწერა – ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალები, რომლებიც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელობას, ამ ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და მნიშვნელოვანია ის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი გავცეთ ქვეყნის მოღალატეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.