კახა კალაძე - გულდასაწყვეტი და სამწუხაროა USAID-ის მიერ ისეთი პროექტების დაფინანსების ფაქტები, რომელთა მიზანიც რევოლუციური სცენარის განვითარებაა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტი და სამწუხაროა USAID-ის მიერ ისეთი პროექტების დაფინანსების ფაქტები, რომელთა მიზანიც ქვეყანაში არეულობის დათესვა და რევოლუციური სცენარის განვითარებაა. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„მინდა, გავიხსენო ადრეული პერიოდი, როცა საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, იცით, რომ პარალელური დათვლები იყო გაყალბებული. გაირკვა, რომ USAID-ის პროექტი იყო. ჩვენი ლიდერების მხრიდან გამოაშკარავდა ეს არასწორი დათვლა. ყველაფერი მზადდება, რათა ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება წარმატებულად ჩატარებულიყო. გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან დამფინანასებელი ორგანიზაცია USAID-ის სახით გვხვდება. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ვნახეთ, ორგანიზაცია „კანვასის“ წევრების განცხადებები, თითქოს ახორციელებდნენ პროექტს, რაც ხელს უწყობდა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგს, თუმცა ცხადი გახდა, რასთან დაკავშირებით ტარდებოდა აღნიშნული ტრენინგები, რა სწავლებები მიმდინარეობდა. განმარტებები, რაც მოვისმინეთ იყო შემაშფოთებელი. თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, ეს პირდაპირ არის რევოლუციის ხელშეწყობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.