კახა კალაძე გრიშაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
კახა კალაძე გრიშაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გრიშაშვილის ქუჩა #23-ში ახლად მოწყობილი გრუნტის დამჭერი კედელი და მოსასვენებელი სივრცე დაათვალიერა.

თბილისის მერმა, კრწანისის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოისმინა მათი მოსაზრებები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას კონკრეტულ მისამართზე ვაპირებთ.

მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რასაც მუნიციპალიტეტი და გამგეობები ახორციელებენ. შესაბამისად, გვინდა, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მოსაზრებები, რა არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა რაიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.

„მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება ყველა რაიონში, უბანში, სადაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. მოვისმენთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს სხვადასხვა საკითხზე და კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.