კახა კალაძე - გრიგოლ ვაშაძემ პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და მწამებლების შეწყალება
კახა კალაძე - გრიგოლ ვაშაძემ პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და მწამებლების შეწყალება

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთკვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მან  პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ყველასათვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში.

„დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის იყო საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ამაყობს ამით. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, თავის სახლში, „ეს არის ის, რაც მის მიმართ გვმართებს“.