კახა კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში - პირბადის გარეშე გავლა შეუძლებელია  
კახა კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში - პირბადის გარეშე გავლა შეუძლებელია  

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.

კახა კალაძე დღეს გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფებოდა.

როგორც  კალაძემ აღნიშნა, მიწისქვეშა გადასასვლელები კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

“ვთხოვ “თბილსერვისის” ხელმღვანელს, დღესვე დაიწყოს სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტრო გაყვანილობა და განათება, აქ არაფერი არ არსებობს.სხვათაშორის იყო განათება, თუმცა მოგლეჯილი დაზიანებული და გაუბედურებულია. ყველაფერი, რაც შეიძლება მწყობრში უნდა მოვიყვანოთ და ადამიანებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, როდესაც ისარგებლებენ გადასასვლელით, ელემენტარული სისუფთავე იყოს და კომფორტულად შეეძლოთ გადაადგილება. ასევე მინდა, გთხოვოთ, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც არის გასხვისებული და იჯარით გაცემული, ერთიანი სტანდარტი იქნეს შემუშავებული, სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ კეთილი უნდა ინებოს და არსებული მდგომარეობა ერთიან სტანდარტში მოიყვანოს. ჩვენ შევიმუშავებთ საკრებულოსთან ერთად, რომ ელემენტარული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იყოს ადამიანისთვის კომფორტული და არ იყოს ის სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ. შეუძლებელია, პირბადის გარეშე გაიარო გადასასვლელი. ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდებსაც, მინდა, გამოვიყენო მათი ნიჭი, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც გვირაბების მოხატვას ეხება. ერთადერთი, რაც ალამაზებს აქ არსებულ მდგომარეობას, ეს არის ამ ახალგაზრდების მიერ მოხატული კედლები, შესაბამისად მომდევნო დღეების  განმავლობაში, ახალგაზრდებს შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც უნდა განხორციელდეს მოხატვითი სამუშაოები”, –  განაცხადა კახა კალაძემ.