თბილისში, გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით სკვერის მოწყობა, გეგმის თანახმად, ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე გლდანის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა მოსახლეობის თხოვნა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მართლაც, ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება. ეს არის ტერასული ტიპის სივრცე, რომელიც საბოლოოდ ძალიან ეფექტური გამოვა. ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებენ. ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური გასართობი ზონა, შადრევანი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, გაკეთდება ხელოვნური ტბა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება დაახლოებით 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობს, სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.
პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება, ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.
მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე.