კახა კალაძე - გიორგი გახარიასთან შეხვედრა შედგა გუშინ, სიმართლე გითხრათ, შეხვედრის მიზანი ვერ გავიგე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მასსა და გიორგი გახარიას შორის თბილისის მერიის შენობაში შეხვედრა გუშინ დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე შედგა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე გახარიამ მას აცნობა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. როგორც კალაძე ამბობს, სხვა საკითხზე არ უსაუბრიათ.
„შეხვედრა შედგა ერთხელ, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ამდენი ხანი ერთად ვიყავით და ადამიანურად თავს მივეცი ამის უფლება. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მეც ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი-მეთქი. მოვიდა მერიაში და შედგა შეხვედრა.
ეს შეხვედრა შედგა გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. ფინანსებზე ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი შეხვედრაზე ითქცა, რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ეს გამეგო ტელევიზიით, გადაწყვიტა, თავად ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი ვერაფერი გავიგე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა.
მოგვიანებით პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განმარტა, რომ გიორგი გახარიამ უარყო არა კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი, არამედ ის ნარატივი, რაც ირაკლი კობახიძემ და მდინარაძემ გაავრცელეს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მან კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ გახარიას მხრიდან შუამავლის მეშვეობით მათთან კომუნიკაციის მცდელობა იყო ფინანსურ თემაზე.
„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ.