კახა კალაძე გიორგი გახარიას - არავის დაუბრალებია, რომ გახარია ნარკომანია, მე უპირველესად, ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი, ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა
არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ განაცხადა.
დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.
„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებია ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები. კონკრეტულად შენ – კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს?“ – მიმართა გახარიამ კალაძეს.
როგორც კალაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.
„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე უპირველესად, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლსა და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.