კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ღონისძიების თბილისში ჩატარება ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე დადებით გავლენას მოახდენს.
„დღეს, აქ სწორედ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტურისტულ ამინდს. მე, რა თქმა უნდა, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმართება საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რომ თბილისი შედის ტოპათეულში იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მონაწილეები საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.
„როგორც ვიცი, გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, ღონისძიება მოიცავს თბილისის პრე და პოსტ ტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ზოგიერთი მონაწილე პირველად, ხოლო სხვები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ჩვენი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კონგრესს 60 ქვეყნის 100-ზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიებას თბილისი 20 იანვრიდან 25 იანვრამდე უმასპინძლებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.