კახა კალაძე - ღონისძიება, რომელიც თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება, გამოყოფილი თანხა ბათუმში გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება
თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.
დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, – წერს კახა კალაძე.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.