კახა კალაძე - ღამის ეკონომიკის განვითარება რიგითი პროექტია და არანაირი სამსახურის შექმნა არ იგეგმება
კახა კალაძე - ღამის ეკონომიკის განვითარება რიგითი პროექტია და არანაირი სამსახურის შექმნა არ იგეგმება

„ღამის ეკონომიკის განვითარება“ კონკრეტული პროექტია და არანაირი ახალი საქალაქო სამსახურის შექმნა არ იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არასწორი ინტერპრეტაცია იყო გაუგებარი პოლიტიკოსებისგან, თითქოს, ჩვენ ახალი სამსახურის შექმნას ვაპირებთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. რაც არ უნდა მოიტყუონ, რაც არ უნდა იცრუონ და გამოიყენონ საკუთარი ტელევიზიები, არაფერი გამოუვათ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიას მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს.

„დღეს კომუნიკაციის უამრავი შესაძლებლობა არსებობს, სოციალური ქსელი,  მეც საკმაოდ აქტიური ვარ და ხშირად მაქვს კომუნიკაცია ადამიანებთან. გარდა სოციალური ქსელისა, ყოველდღიური, უამრავი შეხვედრები გვაქვს. ასე რომ, მოტყუების შესაძლებლობას არავის მივცემთ. არანაირი საქალაქო სამსახურის შექმნაზე არ არის საუბარი. ეს არის კონკრეტული რიგითი პროექტი, რომელსაც სჭირდება ხელმძღვანელი, როგორც ყველა პროექტს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად.

„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელად კახა კალაძემ სერგი გვარჯალაძე დანიშნა.