კახა კალაძე - გენგეგმით განსაზღვრულია 11 არეალი, რომელთა განვითარებაზე დოკუმენტი უნდა მომზადდეს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში 11 არეალია გამოყოფილი, რომელთა განვითარებაზე დოკუმენტი უნდა შემუშავდეს, რათა თავიდან ავიცილოთ „სპორტის სასახლის“ უკან შექმნილი მდგომარეობის მსგავსი ვითარება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქში ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული არეალების სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს ქალაქის სწორ განვითარებას.
„11 არელია გამოყოფილი. მაგალითად, როგორც ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე ფართები, სადაც მშენებლობები შევზღუდეთ და დროებით შევაჩერეთ. გენერალური გეგმის ნაწილში აღნიშნული ტერიტორიაც მოხვდა, სადაც კვლევა უნდა ჩატარდეს და დოკუმენტი დაიდოს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ტერიტორიების განვითარება, რათა თავიდან ავიცილოთ, რაც მაგალითად „სპორტის სასახლის“ უკან გვაქვს.
სამწუხაროდ, კიდევ არის რამდენიმე ასეთი ადგილი, სადაც ქაოტური განაშენიანებაა. ზოგან კერძო, დაბალი სახლებია და იქვე გვერდით მაღალსართულიანი კორპუსებია. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ძალიან ცუდია ქალაქის განაშენიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ არეალების განვითარება სწორად უნდა დაიგეგმოს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულდა. დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულომ უნდა განიხილოს.