კახა კალაძე - განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც თავიანთივე წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, არის თვალებში ნაცრის შეყრის და თეთრზე შავის თქმის მცდელობა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.
„დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც თავიანთი წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით, ისე არავინ უწევს დისკრედიტაციას დასავლეთს, ევროპას, როგორც ეს კონკრეტული ადამიანები. საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს, წარსულში ხომ არ ჩავრჩენილვართ, დღეს ყველა ადამიანს ნებისმიერ თემაზე მიუწვდება ხელი, ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია, რაც უნდა განსხვავებული მოსაზრება და სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეთ მათ.
„ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან. დღეს რისთვისაც ხელისუფლებას გვიწევს ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, გავა დრო, ბევრი ადამიანი მადლობას გვეტყვის, რადგან სწორად გაანალიზებს და მიხვდება, რა პროცესები მიდის, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში რა ხდება. მადლობას ეტყვის ხელისუფლებას, ამაში დარწმუნებული ვარ. მე რადიკალებზე არ ვსაუბრობ. შესაბამისად, თითოეული ადამიანი ჩვენთვის, პირადად ჩემთვის ძვირფასია. შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს, მაგრამ ამ ქვეყნის შვილები ვართ, მე არ ვსაუბრობ რადიკალებზე და ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ვსაუბრობ გულანთებულ ადამიანებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.