კახა კალაძე - გამოჩნდნენ პირები, რომლებიც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გარკვეული პირები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.
„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, მერია ამ პირებს არ მისცემს საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.
ამ კონტექსტში კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.
როგორც მერმა აღნიშნა, სამშენებლო ნებართვებს გასცემს არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილზე მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დასრულებული შენობა. შესაბამისად, ასე ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.
„რაც შეეხება კონკრეტულ შენობას, რომელშიც აფეთქება მოხდა, მას ჰქონდა მომართვა, შემოწმდა და დაუდგინდა ხარვეზები, რომლებიც გამოასწორეს, შემოაბრუნეს მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის.
„ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით გაცემული რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივი აირის, ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.