კახა კალაძე - გამჭვირვალობის კანონის მიღებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ, სტაბილურ გარემოში
გამჭვირვალობის კანონის მიღებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, სუვერენიტეტი. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას საქართველო ყველა იმ უცხოური ძალების გავლენებისგან, რომელთა მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
„ვეტო დაძლეულია და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მიღებულია, შესულია ძალაში. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია და არა გარე აქტორების ჩარევით.
ეს არ არის პათეტიკური სიტყვები, დღეს საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, არა ტანკით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და კონკრეტული ნაბიჯებით. გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენებისგან, რომელთა მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა“, – განაცხადა კალაძემ.