კახა კალაძე - გადაწყვეტილება, რომელიც ზელენსკიმ მიიღო, მათი შიდა სამზარეულოა
კახა კალაძე - გადაწყვეტილება, რომელიც ზელენსკიმ მიიღო, მათი შიდა სამზარეულოა

გადაწყვეტილება, რომელიც ზელენსკიმ მიიღო, მათი შიდა სამზარეულოა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ მიხეილ სააკაშვილს. პირადად ჩემთვის, ის ნამდვილად არ არის საინტერესო“, – განაცხადა კალაძემ. 

ამ განცხადებით თბილისის მერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად იყო მოსალოდნელი ზელენსკის მხრიდან გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით და მოახდენს თუ არა ეს ნაბიჯი რაიმე სახის გავლენას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის საინტერესოა არა პოლიტიკურად გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილი, არამედ ის პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში უკვე ჩავიდა.