კახა კალაძე - გადასასვლელი ხიდების კონსტრუქციებზე განთავსებული სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს
გადასასვლელი ხიდების კონსტრუქციებზე განთავსებული სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ბიზნესთან კომუნიკაცია დაავალა და აღნიშნა, რომ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ხარჯზე.
„სარეკლამო აბრები, განსაკუთრებით კი, რომელიც კახეთის გზატკეცილზეა განთავსებული, მგონია, რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, როგორიცაა გადასასვლელი ხიდების კონსტრუქციებზე. ანალოგიურ კონსტრუქციებზეა მოწყობილი მთლიანი გზის სიგრძეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან ცუდია და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს ყველაფრის მოსაწესრიგებლად ბიზნესთან კომუნიკაცია დავავალო. რა თქმა უნდა, არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ხარჯზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და გალამაზდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.