კახა კალაძე - ფორსმაჟორული მდგომარეობა თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ შეღავათებს ბიზნესისთვის
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს თბილისის მერიისგან ბიზნესსექტორი რამდენიმე შეღავათით სარგებლობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული მდგომარეობა გაგრძელდება, კვლავ იქნება თბილისის მერიისგან ბიზნესსექტორისთვის შეღავათები.
„ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიმართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველა ეს პროგრამა და პროექტი, რა თქმა უნდა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ხორციელდება და ვაგრძელებთ იმ ოჯახებისა და ადამიანების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.
ჩვენ ასევე იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ ყველა ის კაფე-ბარი, რომელთაც კაფეების წინ აღებული ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიები და ყოველთვიურად უწევდათ გადასახადების გადახდა. ერთი წლის განმავლობაში ამ გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან. ასევე ყველა ის მოიჯარე, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული კონკრეტული ღონისძიებებისთვის, სამი თვის განმავლობაში ეს ბიზნესიც გათავისუფლებული იქნება იჯარისგან. თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნესსექტორს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სამი თვის განმავლობაში მოსახლეობა გათავისუფლდება ასე დასუფთავების გადასახადისგანაც.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომუნალურების შეღავათებზე, რომელზეც პრემიერ- მინისტრმა ისაუბრა, ასევე როგორც ელექტოროენერგიაზეა საუბარი და გაზზე, ასევე ნარჩენების გადასახადისგან იქნება განთავისუფლებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა კახა კალაძემ.