კახა კალაძე - ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზაციას განიცდის
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება. კალაძის თქმით, აღნიშნული პარტიული საკითხია, თუმცა აცხადებს, რომ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გაემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება.
„ეს არის მათი პარტიული საკითხები. თუმცა განმარტებები გაკეთდა, თუ რის გამო მიიღო ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება. ფაქტი არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის მარგინალიზაციას. კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ის ტენდენცია, რაც იკვეთება საერთაშორისო პარტნიორების, ელჩების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავდასხმები. რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება“, – განაცხადა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს დატოვა.
„შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას“, – განაცხადა ვაშაძემ.