კახა კალაძე - ფადი ასლის განცხადება არის სამარცხვინო, მოვუწოდებ ყველას, არავინ გაბედოს მსგავსი განცხადებების გაკეთება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
სამარცხვინო განცხადებაა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის უსამშობლო ადამიანი, ადამიანი, რომელსაც სამშობლო არ აქვს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ფადი ასლის განცხადებას.
კერძოდ, კალაძემ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“
კალაძე ფადი ასლისთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის მონური მენტალიტეტის მქონე ადამიანია.
„შინაარსობრივად ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რა განცხადებაც იქნა მისი მხრიდან გაკეთებული და გამოქვეყნებული. ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და მოვუწოდებ ყველას, არავინ გაბედოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.