კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და ხელშეკრულებების კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და მყარი ნარჩენების მართვის სისტემების განახლების პროექტებზე.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს, დედაქალაქში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის მიმართულებით გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.
როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად დედაქალაქი, შესაბამის სფეროებში, გაცილებით მაღალი სტანდარტების მომსახურებას მიიღებს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, ავტობუსების განახლების, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და მეტროსადგურების განახლების პროექტებზე. ვისაუბრეთ კონკრეტულ ვადებზე და ასევე, მომავალ წელს დამატებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის თაობაზე, რაშიც დაგვეხმარება ბანკი. ასევე, მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მიმართულება. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც ასევე EBRD-ის დახმარებით ხორციელდება. ამ სტრატეგიის შედეგად, ჩვენ გადავალთ თანამედროვე სეპარირების მეთოდზე, დაიხვეწება ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგია და მოხდება მარშრუტების ოპტიმიზაცია, შედეგად კი ქალაქი გაცილებით უკეთეს მომსახურებას მიიღებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი დედაქალაქის მერიას სამომავლო პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურ მხარდაჭერასა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.