კახა კალაძე - ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და მათთან დავმარცხდით, თუმცა გული და სული ჩადეს ბიჭებმა, ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები
წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ახალგაზრდა ფეხბურთელები, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და სასიამოვნოა, რომ ყველას ვაჩვენეთ, საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და გვყავს ძლიერი ეროვნული გუნდი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
„მინდა, მადლობით დავიწყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. ჩემთვის გამარჯვებაა ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპაზე, ჩემთვის გამარჯვებაა ის, რომ 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და ვაჩვენეთ კარგი თამაში, ბოლომდე ვიბრძოლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ესპანეთის ნაკრებთან. მადლობა ბიჭებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში. არ შემიძლია, არ გამოვყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის საწვრთნელო ჯგუფთან ერთად. მართლაც ძალიან ბევრი იშრომა ამ ადამიანმა და ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ნაკრებს მიეღწია წარმატებისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ვიცი, ბევრი გახარებულია, ბევრს გული დაწყდა, მაგრამ ერთი რამ ვიცოდეთ, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და მათთან დავმარცხდით, თუმცა გული და სული ჩადეს ბიჭებმა. არა უშავს, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და სასიამოვნოა, რომ ყველას ვაჩვენეთ, საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და გვყავს ძლიერი ეროვნული გუნდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კარში გატანილ გოლს, რომელსაც პოლემიკა მოჰყვა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ნამდვილად იყო თამაშგარე მდგომარეობა.
„ეგეც უცნაური იყო. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს მსაჯებს ვაბრალებდე წაგებას, თუმცა ისეთ დროს გაგვიტანეს პირველი გოლი, როდესაც ერთი ფეხბურთელი, კიტეიშვილი, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ტრავმირებული იყო, გამოაკლდა თამაშს და ამ დროს, ფეხბურთში თუ რამე მესმის, რა თქმა უნდა, თამაშგარე იყო. უბრალოდ, საოცარია ისიც, რომ გადაამოწმეს, მაგრამ მაინც ჩათვალეს. არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის, მაგრამ რას ვიზამთ, მაინც ძლიერი გუნდია ესპანეთი. მთელი თამაშის განმავლობაში ვნახეთ, რომ ბურთს ძირითადად ისინი ფლობდნენ. ჩვენ კონტრშეტევებზე ვთამაშობდით და სწორიც იყო აღნიშნული ტაქტიკა. ესპანეთს ვულოცავ, ვულოცავ ქართველ გულშემატკივარსაც მაინც ღირსეულად წარმოჩენას ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.