კახა კალაძე - ევროპარლამენტში ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ ჩასატარებლად
კახა კალაძე - ევროპარლამენტში ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ ჩასატარებლად

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარებს – მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს. ევროპარლამენტარებმა მოისმინეს მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ხედვები მათთვის საინტერესო ყველა თემაზე.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ; ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრებზე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. პარტიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს. ასევე აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის, შესაბამისად, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს სასარგებლო დიალოგი უწოდა.

„დღეს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან, გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, განვიხილეთ ყველა თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას, თანამშრომლობას – დაწყებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით, დამთავრებული შიდა პოლიტიკური პროცესებით. ჩვენი ამოცანა იყო დეტალური ინფორმაციის მიწოდება საკუთარი პარტნიორებისთვის, ევროპარლამენტის წევრებისთვის და ამას დაეთმო თითოეული ჩვენი შეხვედრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითხს, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას აქვს. მისი განცხადებით, საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. ერთადერთი კითხვა ისმის დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ხომ არ არის პოლიტიკურად აქტუალური, რაზეც პარტნიორებს განუმარტეს, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში, საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება.

კობახიძის განცხადებით, 48 მილიონი გაიფლანგა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო მიზნების რეალიზებისთვის, რაზეც უამრავი მტკიცებულება არსებობს.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები – კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.