კახა კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია იმის გაზიარება, რაც ბრიუსელში მოვისმინეთ, მკაფიოდ ითქვა, რომ დათქმები არ არის მხოლოდ ხელისუფლების შესასრულებელი და მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართვა
კახა კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია იმის გაზიარება, რაც ბრიუსელში მოვისმინეთ, მკაფიოდ ითქვა, რომ დათქმები არ არის მხოლოდ ხელისუფლების შესასრულებელი და მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ყველა იმ გზავნილის გაზიარება, რაც ბრიუსელში გუშინ მოისმინეს.

კალაძის თქმით, მკაფიოდ ითქვა, რომ სამუშაო პროცესში, რომელიც მოიცავს გარკვეული პუნქტების შესრულებას, რეფორმების განხორციელებას, მნიშვნელოვანია, ოპოზიციაც ჩაერთოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები მოვისმინეთ და ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვან გზაზე, რასაც ჰქვია ევროპაში ინტეგრაცია, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება, ამ ყველაფრის გაზიარება. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ის დათქმები, რაც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, არ არის მხოლოდ ხელისუფლების გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში ჩაერთოს ოპოზიცია და მათაც გაიზიარონ გასაკეთებელი რეფორმები, რაც გაჟღერდა. ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, როგორია ამასთან დაკავშირებით დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პუნქტები ძირეულად შესრულდეს. მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამიხარდება, თუ ამ ყველაფერში ჩართული იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა ვისმენთ ისეთ განცხადებებს და ისეთი რადიკალიზაცია არის მათი მხრიდან, რომ დიდი ეჭვებია, ისინი შეძლებენ თუ არა ამ ყველაფერში ჩართვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რათა ეს პუნქტები შესრულდეს. როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და გამოვთქვით მზაობა. გუშინაც გაჟღერდა პრემიერის მხრიდან მესიჯები ამასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჰქონდეს ჩართულობის შესაძლებლობა. თუმცა, რას ვისმენთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში – რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია, უბრალოდ შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა. პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ დათქმები, რაც იყო, შესრულდეს. ამასთან, გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ამაში ჩართული უნდა იყოს ასევე პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს, თუმცა აქ ყველაზე არ არის საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავდროულად, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთულია და ამას სჭირდება რეფორმების განხორციელება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

კახა კალაძის განმარტებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც მისი მხრიდანაა შესასრულებელი.

„ეს არის პროცესი, ეს არ არის მარტივი და თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ შესაძლებელია, ეს მოხდეს დღეს და ხვალ, არ იქნება სწორი და საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ძალიან რთული გზაა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების არაერთი განცხადება, რომ ათწლეულებზეც არის საუბარი, სტატუსის მიღებაზე და ასევე გაწევრიანებაზე იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, შესაბამისად, რაც გასაკეთებელია ჩვენი მხრიდან, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.