კახა კალაძე - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის პირველ რიგში ქართველი ხალხის, იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია
კახა კალაძე - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის პირველ რიგში ქართველი ხალხის, იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია

მინდა, გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„როდესაც იყო პირველი გადაწყვეტილება მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცეთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ გზაზე. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში, იმ ნაბიჯებში, რომელიც აუცილებელი იყო რეფორმებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან ერთად მზად არის, ქვეყანაში განახორციელოს რეფორმები. ვულოცავ საქართველოს, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხი და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. მიუხედავად უამრავი ხელშეშლისა, წინაღობებისა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო სტატუსი“, – განაცხადა კალაძემ.