კახა კალაძე - ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი
ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა, ევროპაში ამაყად ვიყოთ.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, სუვერენიტეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ხდება მოწოდებები, თუნდაც სანქციებთან მიერთებაზე, თუნდაც ომში ჩართვაზე. მოიძიეთ, უამრავი განცხადებებია, დღესაც გრძელდება ეს განცხადებები და შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ აკეთებს ამ განცხადებებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. ევროინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ, მე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას გვინდა, ამაყად ვიყოთ ევროპაში. ასე რომ, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ყველაფერს არ აქვს ალტერნატივა. უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის საპირწონედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სახელდება.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა და პარალელურად გვეუბნებიან, რომ ამის საპირწონედ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია, იკვებოს და არანაირი პრობლემა არ ექნება. მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვიქნებით, დავსუსტდებით. ამიტომ ჭამოს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ მივყვებით ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. დიდი ნაწილი შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. მე თავიდანვე არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისინი ჩაერთვებოდნენ ამ ყველაფერში. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და ვაკეთებთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ქვეყანას აქამდე უნდა მიეღო ეს სტატუსი, რადგან ერთადერთი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ამას იმსახურებდა რეალურად გაკეთებული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით, იყო საქართველო. დათქმები აქვს იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველო იყო მოწინავე აბოსლუტურად ყველა მიმართულებით. ვინმე თუ იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა კალაძემ.