კახა კალაძე - ერთსა და იმავე საკითხზე ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, თუმცა ყველაფერი უნდა განიხილებოდეს და რჩებოდეს გუნდში
ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რა იყო პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზი და სამ მიმართულებაზე ისაუბრა, ერთ-ერთი იყო გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება პატარა გაუგებრობებიც დავარქვათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ზოგადად, როდესაც სხვადასხვა საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. ერთსა და იმავე საკითხზე ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, თუმცა ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს გუნდის შიგნით და უნდა რჩებოდეს გუნდში.
თუ გუნდში განხილვის შემდგომ ვერ ხერხდება შეჯერება, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გარეთ გავიდეს და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, თუმცა პიროვნული შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, კალაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე, არ მიმდინარეობს და თუ პრემიერ-მინისტრთან ერთად რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
თბილისის მერმა საპრეზიდენტო არჩევნების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე გუნდში ჯერ არ უმსჯელიათ.
„ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კანდიდატი არ არის შერჩეული. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კანდიდატი იქნება შერჩეული“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.