დასკვნაში, რომელიც 109-ე ბაგა-ბაღის შესახებ მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან, პირდაპირ წერია, რომ ეს არის პრობლემური ბაღი და ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, 109-ე ბაგა-ბაღის დახურვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 109-ე ბაღის აღსაზრდელები სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან და განცხადება იმაზე, რომ ბაღის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ერთი ვიცი, რომ ბაღს ვერავინ შეეხება. ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადგან ადამიანები ვართ, არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები თითქოს და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის შეურაცხმყოფელი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენ მიდგომებს, პოლიტიკას, რომელსაც ვატარებთ დედაქალაქში. განცხადებები, რაც მოვისმინეთ, არანაირი სიმართლეს არ შეეფერება. დასკვნა, რომელიც მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან, პირდაპირ არის დაწერილი, რომ ეს არის პრობლემური და აქ ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია. შესაბამისად, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაღებში, რომ პრობლემები არ შეექმნათ. მგონი, ამ ბავშვების ამ მასწავლებლების ინტერესებს ვიცავთ. ის დამოკიდებულება და მესიჯები, რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და როგორც უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისში 11 პრობლემური ბაგა-ბაღია, სადაც სწავლა შეწყდა და უახლოეს მომავალში თერთმეტივეში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.
“გარდა ამისა, არის ხუთი ბაღი, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, საჭიროა, დემონტაჟი და თავიდან ახალი პროექტის განხორციელება. ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს სამუშაოები იყოს დასრულებული”, – განაცხადა კალაძემ.