კახა კალაძე - ერთი რამ მინდა ვუთხრა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, ვერავინ გაბედავს, კანონს გასცდეს
ერთი რამ მინდა ვუთხრა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ვერავინ გაბედავს კანონს გასცდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, გუშინდელი განცხადებები ყველაფერზე მეტყველებს.
„გუშინ კულმინაცია იყო, უკვე პოლიტიკოსებმა აიღეს სადავეები ხელში. თუმცა ამის მინიშნებები თავიდანვე იყო. მე ზაზა სარალიძეს კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, ძალიან მძიმეა ჩემთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვისაც, ყველა შევდივართ მის მდგომარეობაში. ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყო მცდელობა კონკრეტული პოლიტიკოსების და პარტიების მხრიდან, რომ ამ ოჯახის ტრაგედია თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის გამოეყენებინა.
გუშინდელი განცხადებები, რაც გვიან ღამით მოვისმინეთ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა ერთი რამ მინდა ვუთხრა ამ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომ ვერავინ გაბედავს და ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ კანონს გასცდნენ. მათ რა თქმა უნდა აქვთ უფლება გამოხატონ თავისი შეხედულებები კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონს გაცდებიან, ხელისუფლების მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატური ქმედებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.