კახა კალაძე - ერთი რამ მინდა, იცოდეს ყველამ, ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პირველ რიგში, ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ
კახა კალაძე - ერთი რამ მინდა, იცოდეს ყველამ, ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, პირველ რიგში, ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ

თბილისის მერი კახა კალაძე NDI-ს და IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციების კვლევები სარწმუნო არ შეიძლება იყოს, რადგან მათ ხშირად რეალურ მონაცემებთან 30-40%-იანი ცდომილება აქვთ.

„გადავხედოთ სტატისტიკას – წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციები აწარმოებენ კვლევებს – როგორ შეიძლება, ირწმუნო კვლევითი ორგანიზაციის, რომელსაც აქვს 30-40%-იანი ცდომილება? ამიტომ აღნიშნული კვლევებით ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას, თუმცა საზოგადოება რეალურად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას რთულ ვითარებაში უწევს მუშაობა, რადგან არის გარკვეული ზეწოლა კონკრეტული ძალების მხრიდან, მმართველი გუნდი, პირველ რიგში, ყოველთვის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გაატარებს.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში, ყოველთვის გადაიდგმება ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები.

როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, არც მიკვირს ამ ადამიანების – როდესაც ხარ აგენტი, ამაზე დიდი უბედურება არაფერია, როდესაც აგენტი ხარ, ვერ გაატარებ ამ ქვეყნის ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნის ინტერესს, რომლის წარმომადგენელიც ხარ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ გვემუქრებიან სანქციებით, გვემუქრებიან, რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ამის გამოყენება უნდათ შემდეგ რაღაც არეულობისთვის, ყველაფრის მიუხედავად, გავატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს.

მეამაყება, რომ მაქვს ქართული გენი, დაბადებული და გაზრდილი ვარ ამ ქვეყანაში და დღეს რასაც წარმოვადგენ და სადაც ვიმყოფები, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამსახურება, და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რატომ უნდა გავაკეთო ეს?“ – აცხადებს კახა კალაძე.