კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ისე მოიპოვოს გამარჯვება, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, ისე მოიპოვოს გამარჯვება, რომ არანაირი კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს, არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „საზოგადოებაში, რეალურად ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ეს არჩევნებშიც გამოიხატება“.
„31 ოქტომბერს დაველოდოთ. დაახლოებით, 60 პროცენტამდე მიღების შესაძლებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ყველაფერი ამომრჩეველზეა დამოკიდებული. როდესაც მოსახლეობას ვხვდებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, იმ მხარდაჭერას ვგრძნობთ, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დიდი შესაძლებლობაა, რომ არჩევნები პირველსავე ტურში დასრულდეს.
„ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაჟორიტარებმა ოცდაათივე ოლქში გაიმარჯვონ და არჩევნები პირველსავე ტურში დამთავრდეს. თუმცა, თუ იქნება ერთი ან ორი შემთხვევა, სადაც მეორე ტურის აუცილებლობა გაჩნდება, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ესეც ამ დემოკრატიული პროცესების ნაწილია. ჩვენ ბევრი არჩევნები გვახსოვს, სადაც მეორე ტური ყოფილა. მთავარია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და თანაბარ პირობებში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს და ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კოალიციის საკითხს, კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას არანაირი კოალიცია არ სჭირდება“.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ სჭირდება, რეალობა ასეთია. რა იქნება შემდეგ, 2024-ში და შემდეგ 2028-ში, ვნახოთ“, – აღნიშნა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოპოზიციამ საერთო ჯამში 40 პროცენტს თუ მიაღწია, ეს მათთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება“.
„ერთი, რაც მომწონს და ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, არის ის, რომ მათ ერთმანეთში სერიოზული კონკურენცია აქვთ. დაპირისპირებებიც კი იყო და შესაძლოა ახლაც გრძელდებოდეს, მაგრამ ის, რომ ვინ გავა მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე, თუნდაც ვინ შევა პარლამენტში ერთი ან ორი ადამიანით, ეს ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გაჩაღებული. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ვის მისცემს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.