კახა კალაძე - ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების გათავისუფლება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არც მთავრობას და არც პარლამენტს ამის ბერკეტი არ გააჩნია.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია.
„საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს და ცვლილებები შევიდეს საარჩევნო სისტემაში. ეს იყო შეთანხმება 8 მარტის შეხვედრებზე, რომელიც ასახულ იქნა დოკუმენტში, თუნდაც მემორანდუმი დავარქვათ ამას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მის შესრულებაზე. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე – ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს ამ შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელსაც გარკვეული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. სწორედ მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ცხადია, ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ, პირიქით, დამუხტვა, რადგან კარგად ხვდებიან, რა რეიტინგი აქვთ და იციან, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სიტუაციის დაძაბვის შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს.
„ჩვენთვის მთავარია არჩევნების ჩატარება მაღალ დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, პრობლემების გარეშე, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვები“, – აღნიშნა კალაძემ.