კახა კალაძე - ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
საჯარო ჩვენების სამზადისს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მან ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ძალიან ძლიერი მეტოქეა, რთული შეხვედრა იქნება. მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ვიცი, როგორ ელოდება ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშს. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს საშუალება, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მობრძანდეს. ძალიან დიდი ეკრანი უკვე დაყენებულია. ასევე, ტერიტორიაზე კვების ობიექტები განთავსდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.