კახა კალაძე - ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რამდენიც 55 ავტომანქანას
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა.
„მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% – 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, „ევრო 6“-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი – 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.
კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე ისაუბრა, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
„მუნიციპალურ ტრანსპორტს რვა წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.